
ჯანდაცვის მინისტრი ტყუილს უწოდებს კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ისინი, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ.
მინისტრმა ეს განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.
"ადამიანები ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ, ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, რომ თითქოს ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას, რაიმე საფრთხე ემუქრება - ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი, რაც დაგეგმილია ბუნებრივია ხორციელდება სწორედ იმ გეგმის მიხედვით, როგორც ეს დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას. საქართველოს ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას,"- აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.