
ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს აკვირვებენ, შედეგად კი გინესის რეკორდების წიგნში ხვდებიან. ამ განსაკუთრებულ წიგნში რამდენიმე ქართველის გვარი წერია, თუმცა პირველი ქართველი ოლიმპიელი, რომელიც გინესის ორგზის რეკორდსმენი გახდა - ნინო სლუქვაძეა. ქალი, რომელსაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ქალი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ 10-ჯერ დაიცვა ჩვენი ქვეყნის ღირსება.
მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი ნინო სალუქვაძე, პარიზში მე-10-დ გამოვიდა ოლიმპიადაზე. სწორედ ამით გახდა ის გინესის რეკორდსმენი. 19 წლის იყო, როდესაც ოლიმპიადაზე პირველი ტყვია ისროლა, მას შემდეგ კი ყველა ტყვიას მიზანში არტყამს.
რომ არა სროლის ხელოვნება, მიზანში სამხატვრო ხელოვნებას ამოიღებდა და ცხოვრების ნაწილადაც მას აქცევდა. ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ერთხელ სპორტსმენ მამას 13 წლის შვილისთვის რომ არ ეთქვა, სასროლეთში წაჰყოლოდა. თუმცა, ნამდვილი ტყვიებით გაცილებით ადრე, ბავშვობიდან მოინათლა.
ცეცხლის ხაზზე მამა-შვილის დაუღალავმა მონდომებამ და ვარჯიშმა შედეგიც მალევე გამოიღო. პატარა სპორტსმენმა თავის ასაკში მოუგო ბიჭებსაც და გოგონებსაც. მერე იყო საპარტაკიადა, 4 ოქროს მედალი და კიდევ 6 წელი ოლიმპიადამდე, რომელიც მისთვის სეულში ოქროდ და ვერცხლად იქცა. ნინო სალუქვაძე კარიერაში ყველაზე წარმატებულ ასპარეზობადაც მისთვის პირველ ოლიმპიურ თამაშებს მიიჩნევს, რომელიც სეულში ჩატარდა.
ეს ერთი და სხვა მრავალი ოლიმპიადა ლეგენდარული სპორტსმენის ცხოვრებაში ამ წუთებიდან იწყება.
2008 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასე გახდა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სპორტული პისტოლეტი, 10-იანი სამიზნისთვის გამჭრიახი თვალი და ამ თვალით სპორტისთვის გაღებული დიდი მსხვერპლიც.
წლებმა მის კარიერას წარმატებების დაუვიწყარი მომენტები მოუტანა, ხასიათს კი - სიმტკიცე, მოთმინება, გამძლეობა და სიმშვიდე.
იარაღმა განსხვავებულადვე იმიჯიც შეუქმნა. მათ შორის, უნივერსიტეტში სწავლისას. სროლის დროს არც სამიზნედ წარმოუდგენია ვინმე და იარაღზე არც მაშინა ეფიქრება, როცა ბრაზდება. შეიარაღებული სიარულიც არ უყვარს და მას, როგორც სპორტულ ინვენტარს ისე ექცევა.
ტრადიცია გაგრძელდა და წლების შემდეგ თავად გახდა შვილის მასწავლებელი - მასთან ერთად რიოში ჩასულმა გაიგო, რომ მსოფლიოში პირველად მოხდა ასეთი რამ, როცა დედა- შვილმა ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზა. მის სპორტულ კარიერაში სიტყვები - მსოფლიოში პირველი და რეკორდსმენი, ისეთივე ბუნებრივია, როგორც მის მიერ მიზანში ნასროლი ტყვია.
ტიტულოვანი სპორტსმენის მოსწავლეებს შორის მხოლოდ შვილი არ არის, წვრთნის გუნდს - ამბობს, რომ ბავშვებს მთავარს ასწავლის - ცხოვრების ფილოსოფიას.
მის სპორტში სიჩუმე მთავარი ამბავია, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ემოციები ყველაზე ხმამაღალია. ასე იყო მაშინ, როცა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა და მაშინაც, როცა რიგით მეათე ოლიმპიადაზე გადაწყვიტა წასვლა. არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს ისევ მამის სურვილმა გადაწონა.
როგორ უნდა ისროლო, ისე რომ მიზანს არ აცილო, გინესის რეკორდსმენი ქალისგან ინსტრუქცია "კურიერი P.S.-მაც" მიიღო, ცეცხლის ხაზზე ბედი ჩვენც ვცადეთ.
ნინო სალუქვაძე მსოფლიოში ერთადერთი ქალია, რომელმაც ოლიმპიადაზე ზედიზედ 10-ჯერ იასპარეზა და ქალი, რომელმაც ოლიმპიადაზე თავისი ქვეყნის ღირსება მეათედ დაიცვა. საქართველოში კი ერთადერთი ქართველი ოლიმპიელია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. გინესის ორგზის რეკორდსმენობა მისთვისაც დაუჯერებელია.
დრო რომ გავა და სპორტში აღარ იქნება. მოფიქრებული აქვს, სად სურს საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ამას ჯერ ხუმრობით ჰყვება.
სპორტი მისთვის ყველაზე დიდი გამოგონებაა და ამ დიდ გამოგონებაში მიზანმა ნამდვილ მიზნებამდე მიიყვანა, ქართული სპორტის ისტორიაში კი სამუდამოდ დატოვა.