24 მარტი 2025,   01:08
ვრცლად
კვარას სადებიუტო გოლი PSG-ში - მთელი თამაშის განმავლობაში ქართველი შემტევი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და გუნდის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო, პირველი გოლი გატანილია. ხვიჩას სადებიუტო გოლი თამაშში მესამე გოლი აღმოჩნდა. ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში, ქართველმა ფეხბურთელმა 54-ე წუთზე გაიტანა გოლი. გარდა ამისა, მთელი თამაშის განმავლობაში ქართველი შემტევი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტადიონზე და გუნდის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

სადებიუტო გოლით კვარას მიმართ ინტერესი და გულშემატკივართა სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახა სოციალურ ქსელშიც, ქართველი ფეხბურთელის გოლს 100 000-ობით ადამიანი ეხმაურება.

ფრანგმა იუთუბერმა ემოციები მას შემდეგ ვერ შეიკავა, რაც "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა და "მონაკოსთან" დაპირისპირების დროს გუნდს უპირატესობა დაუბრუნა. მანამდე კი პირველი ტაიმი ფრედ - 1:1 დასრულდა. მომენტი, რომელსაც ფრანგებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც მოუთმენლად ელოდა, მატჩის დაწყებიდან 54-ე წუთზე რეალობად იქცა. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი მოძრაობით ორი ფეხბურთელი მოატყუა და გოლი მეკარისთვის მოულოდნელად, მარცხენა ფეხით გაიტანა.

"ნაპოლის" მსგავსად, "პესეჟეს" რიგებში პირველი გოლი ქართველმა ფორვარდმა ტრადიციული ჟესტიკულაციით აღნიშნა. სტადიონზე რეაქცია გულშემატკივრებმაც არ დააყოვნეს, "პარკ დე პრენსის" ტრიბუნებს ემოციების და შეძახილების ტალღამ გადაუარა.

იტალიის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გვარს, ახლა ათი ათასობით ფრანგი გულშემატკივარი სკანდირებს. “ლიგა ერთში“ ქართველი ფორვარდის პირველმა გაბრწყინებამ ააფეთქა სოციალური ქსელებიც. "პარი სენ ჟერმენის" ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას ფოტო ქართული აღწერითაც კი გამოაქვეყნეს. გულშემატკივართან ერთად კმაყოფილია მწვრთნელიც. კვარაცხელიას ტალანტს აფასებენ მისი თანაგუნდელებიც.

"მონაკოსთან" დაპირისპირების დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე სულ 67 წუთი გაატარა და აქედან ბურთს 48-ჯერ შეეხო, 34-დან 24 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 6-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო. "ლიგა ერთის" 21-ე ტურში კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თავად "პარი სენ ჟერმენი" კი სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. წინ შემდეგი ტურის მატჩია. "პესეჟე" 16 თებერვალს სტუმრად "ტულუზთან" ითამაშებს. მანამდე კი ხვიჩამ სადებიუტო გოლი "მონაკოსთან" მატჩის დასრულების შემდეგ შეაფასა.

"პარკ დე პრენსის" სტადიონზე ათასობით გულშემატკივართან ერთად იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და პატარა გულშემატკივარიც, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვის მიუძღვნა თანამედროვე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა პირველი გოლი "პარი სენ ჟერმენის" მაისურით.

დღის ამბები