პროკურატურამ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყეს.
პირველი, ვინც ამ საქმის ფარგლებში იკითხება ნანა კაკაბაძეა - ის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ირკვევა, რომ შესწავლის საგანი ოთხი ოპოზიციური პარტიაა. მოძრაობაში აცხადებენ, რომ 18 იანვარს მიმართეს პროკურატურას- "ნეიტრალური საქართველო" ითხოვს სამართლებრივად შეფასდეს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების საქმიანობა. ისინი ამ პოლიტიკურ ჯგუფებს "ჯაშუშური ქსელის" მართვაში ადანაშაულებენ.
საზოგადოებრივი მოძრაობის ”ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილის თქმით, ისინი ითხოვენ გამოძიებულ იქნას 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც ოპოზიციამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებების წყალობით.
"ჩვენი განცხადება ეხებოდა 2012 წლის, ანუ უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ჯგუფების და ძალების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას ჩვენ ქვეყანაში. ამის უკან იდგა ფინანსები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან იქნებოდა ეს USID-ის, NED-ის თუ სხვა ფონდების მხრიდან, რომელიც პირდაპირ ტრამპის, მასკის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პირდაპირ არის მხილებული, როგორც ბოროტი საქმეების დამფინანსებელი ძალა. ვაპირებ, რომ საჯაროდ გაკეთებული რევოლუციური შინაარსის განცხადებები წარვადგინო ერთგვარ მტკიცებულებად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უცხოური ფულით ხდებოდა რევოლუციის და ანტისახელმწიფოებრივი პროცესების დაფინანსება. ჩვენ ასევე წარვადგენთ დამატებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება შეიძლება დაინტერესდეს 317-ე და 321-ე პრიმა მუხლებით", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.