პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადების საფუძველზე დაიწყო, "ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი წევრი იმყოფება. გამოძიების კითხვებს, ამჯერად, ვატო შაქარიშვილი პასუხობს. იქამდე, უწყებაში გამოიკითხა ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი - ნანა კაკაბაძე, რომელიც 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
საბოტაჟის მცდელობა, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება - სწორედ ამ მუხლებით აღძრა საქმე პროკურატურამ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე. მოძრაობა ითხოვს, ოთხი ოპოზიციური პარტიის საქმიანობა შეისწავლონ.
"აუცილებელია შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება სხვის სასარგებლოდ და ფინანსური ინტერესების გამო, იქნება დასჯადი. მე მაქვს მოტანილი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები, ილონ მასკის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები ფინანსდება და ივსება ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა დოლარებით;
[ეს თანხები] სხვადასხვა ქვეყანაში და კერძოდ, საქართველოსა და უკრაინაში ირიცხებოდა იმისათვის, რომ აქ მომზადებულიყო რევოლუციური პროცესები. ეს ქსელი არის ძალიან ფართო, მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმ ოთხ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა და მოახდინა საბოტაჟირება და ხელის შეშლა პარლამენტის საქმიანობისთვის. გახარიამ, ხაზარაძემ, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" პასუხის უნდა აგოს იმისათვის, რაც მათ ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე," - აცხადებს ვატო შაქარაშვილი.