24 მარტი 2025,   00:24
ვრცლად
აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან - უკრაინაში ომის დასრულებაზე ვაშინგტონი და მოსკოვი ხვალ ერ-რიადში ისაუბრებენ

უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე გაიმართება. კიევის საკითხს ვაშინგტონი და მოსკოვი ხვალ ერ-რიადში განიხილავენ. საუდის არაბეთის აეროპორტში უკვე დაეშვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბორტი. მარკო რუბიომ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ "ეს ბი სი"-სთან ინტერვიუში ისაუბრა. თქვა, რომ პუტინი-ტრამპის საუბარს ამერიკის და რუსეთის კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.

ომის შესაჩერებლად ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის დელეგაციის პირისპირ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მრჩეველთან მაიკ უოლცთან და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ ვიტკოფთან ერთად დაჯდება. მოლაპარაკების შედეგებს ელოდება დონალდ ტრამპი.

შეხვედრისთვის ემზადება ოფიციალური მოსკოვიც. ერ-რიადში კრემლის ინტერესს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი დაიცავენ. ისინი საუდის არაბეთში ხვალ გაემგზავრებიან. დიალოგის პირობების შესახებ უფრო კონკრეტულად სერგეი ლავროვმა ისაუბრა, თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებს და სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავს.

მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვეული არ არის უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამბობს, რომ კიევი არ იყო ინფორმირებული ერ-რიადში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

ზელენსკის მსგავსად უკმაყოფილოა მოლაპარაკების მიღმა დარჩენილი ევროპა. ამ წუთებში პარიზში ევროპელი ლიდერებბის საგანდებო სამიტი მიმდინარეობს. ამ შეხვედრის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია. გავრცელებული ინფორმაციით, სამიტის დაწყებამდე მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები