19 მარტი 2025,   23:40
ვრცლად
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა - დღეს, სასამართლოში ჩვენება ბაჩიაშვილის უცხოელმა ბიზნესპარტნიორმა მისცა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღეს, სასამართლოში ჩვენება მისცა ბაჩიაშვილის უცხოელმა ბიზნესპარტნიორმა და მეგობარმა, რომელიც ლატვიიდან დისტანციურად ჩაერთო.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა.

დანაშაული 9-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მოწმემ პროკურორის ყველა კითხვას კონკრეტული პასუხები გასცა.

"ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც არის დამოუკიდებელი მოწმე. ის არ არის არც ჩემი თანამშრომელი, არც მეგობარი. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ერთად გამოვსულვართ ინვესტორებად, რომელმაც მე 2015 წელს მომცა გარკვეული ოდენობის სესხი. მრავალ კითხვაზე, რომელიც მას პროკურორმა დაუსვა, მან მკაფიოდ განსაზღვრა განსხვავება სესხსა და ინვესტიციას შორის", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, მოწმეს კონკრეტული პასუხები არც ერთ კითხვაზე არ გაუცია და მისი ჩვენება მტკიცებულება არ და ვერ იქნება.

"ეს სხდომა საჯარო იყო და თითოეულმა თქვენგანმა მოისმინა, რომ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მოწმეს არ მიუცია. ყველაფერზე იძახდა, რომ ჩემი აზრით ასე იყო, მე ასე ვფიქრობ და ა.შ. არანაირ არსებითი ხასიათის გარემოებაზე მას ინფორმაცია არ ჰქონდა ან თუ ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია. შესაბამისად, მოცემულობა ძალიან მარტივია. მისი ჩვენება მტკიცებულება არ და ვერ იქნება. თან, მოწმემ ცოტა უცნაურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მაგალითად: ბიტკოინის მაინინგით დაინტერესებულმა პირმა, რომელიც აქციებსაც ფლობს, უხეშად რომ ვთქვათ, 1700 ბიტკოინი გაასესხა და დაიბრუნა დაახლოებით 170. მარტივი მოცემულობა არის ის, რომ არანაირი კონკრეტიკა მას არ ჰქონია და ყველა კითხვაზე საუბრობდა, რომ მისი აზრით ეს ასე იყო", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

დღის ამბები