
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
ის პოლიციამ სახლთან, 2024 წლის 3 დეკემბერს, დილის საათებში, იმ დროს დააკავა, როცა სამსახურში მიდიოდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ ის არასდროს ყოფილა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
"ანტონ ჩეჩინს ედავებიან არა გასაღებას, არამედ - შეძენა-შენახვას. რაც შეეხება მოხმარებას, მოხმარების ფაქტი აღნიშნულია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელიც გახლავთ საიდუმლო ინფორმაცია და წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რეალურად იმის განსაზღვრა, რამდენად იყო მომხმარებელი ან არამომხმარებელი. თავად ანტონ ჩეჩინის პოზიცია გახლავთ, რომ ის არასდროს ყოფილა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩხაიძემ.
საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ქიმიური ექსპერტი, რომელმაც ჩეჩინის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა დაადგინა.
"დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ქიმიური ექსპერტი, რომელმაც განმარტა კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია, ასევე ის, თუ რა დადგინდა ამ კვლევის შედეგად. კერძოდ, ქიმიურმა ექსპერტმა დაადგინა ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა", - განაცხადა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.