14 აგვისტო 2026,   02:06
ვრცლად
საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მორიგი სხდომა გაიმართა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა.

პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და ბრალდებები აბსურდულად შეაფასა.

"ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არაფერია, თუ არა ოპოზიციის ლიდერის განეიტრალება. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო სიტუაციის შესაცვლელად. ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მობილიზდა და მობილიზდება კიდევ. ახლა საჭიროა ერთიანობა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურორმა კი განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებას თანხების გაფლანგვის უტყუარი მტკიცებულებები აქვს. სასამართლო სხდომა დასკვნით ეტაპზეა.

"დღეს ბრალდებულ სააკაშვილის ადვოკატმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ეს სიტყვა, ძირითადად, პოლიტიკური განცხადებებით იყო შემოფარგლული, იყო წინააღმდეგობრივი, ეწინააღმდეგებოდა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და პირიქით - ბრალდების მხარემ ჩვენი მტკიცებულების გამოკვლევისას უტყუარად დავადასტურეთ, რომ ბრალდებულმა საკუთარი ფუფუნებისთვის გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონი ლარი და ამავე გაფორმებაში მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც," - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები