საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის მიმართ საკანონმდებლო მიდგომების გამკაცრება საზოგადოების დაკვეთაა.
მისი თქმით, რეალიზატორის მიმართ სანქციები მკაცრდება, მომხმარებლების წინააღმდეგ პატიმრობა არ გამოიყენება, მაგრამ მათ ექნებათ შეზღუდვები.
"საზოგადოების დაკვეთაც არის, რომ მათ შორის, კანონმდებლობაში იყოს მკაცრი მიდგომები, განსაკუთრებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. რა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო საფუძველი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენთან კონსულტაციების საფუძველზე დააინიციირა ეს კანონპროექტი.
მკაცრდება რეალიზატორის მიმართ სანქციები. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ მიმართ პატიმრობა არ გამოიყენება, მაგრამ მათ ექნებათ შეზღუდვები. მათ შორის, მართვის მოწმობასთან დაკავშირებით, საკარო სამსახურში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა თუ დაუდასტურდება მოქალაქეს მოხმარების ფაქტი, ან თავად განაცხადებს უარს ტესტირებაზე. არ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდეს ის ადამიანი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.