
სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა უზბეკეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილე ოლიმჟონ უმაროვთან. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის უზბეკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, სტარტაპების დაფინანსების, ციფრული ტრანსფორმაციის, მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების შესახებ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ფართოდ დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის, რათა დავრჩეთ კონკურენტუნარიანი სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.მან თავის კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე ქუთაისში, სადაც დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრის და ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ამოქმედება. აგრეთვე საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის დაფუძნება, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე გაიხსნება რეგიონში უდიდესი ტექნოპარკი და სხვა ლაბორატორიები, იქნება თანამშრომლობის კარგი პლატფორმა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის.