
პარტია "დროას" ლიდერი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
დიღმის იზოლატორიდან "დროას" ლიდერმა დღეს წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ელენე ხოშტარიას "კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა".