
სამი ათეული წელია, რაც პოპ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული არტისტის პოზიციას ინარჩუნებს და იმპროვიზაციის ნამდვილ ოსტატად ითვლება. ალბათ, მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც მის ჩასვლას ისევე მოუთმენლად ელოდნენ, როგორც საქართველოში.
მსოფლიო სუპერ ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი, Starring Georgia-ს ფარგლებში, 23 ივლისს "დინამო არენაზე" კონცერტს გამართავს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლია გაყიდული.
არტისტმა სულ ცოტა ხნის წინ მეექვსე სტუდიური ალბომი სახელწოდებით - "Everything I Thought It Was" გამოუშვა, რომელიც 18 ახალ სიმღერას, მათ შორის ჰიტებს მოიცავს.
23 ივლისს "დინამო არენაზე" შეკრებილ ათიათასობით მელომანს. შესაძლებლობა ექნება საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე უახლესი ალბომიდან სიმღერებს მოუსმინონ.
ჯასტინ ტიმბერლეიკის საქართველოში ჩამოსვლას ქართველი მსმენელის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების არაერთი ვიდეოც ვიხილეთ.
პროექტი Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება კამპანიის მთავარი მიზანი, ქართველი მსმენელისთვის საყვარელი მუსიკოსების საკუთარ ქვეყანაში მოსმენა და ამასთანავე, ტურიზმისა და გასართობი ინდუსტრიის პოპულარიზაცია.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი