1945 წელს დაწერილი ამბავი, რომელიც ომის შემდგომ, იტალიური საზოგადოების ტრაგიკომიკურ პორტრეტს ქმნის, ახლა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თამაშდება. ედუარდო დე ფილიპოს პიესა "მილიონერი ნაპოლი" თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც, კაცობრიობის მთავარ გამოწვევებს პასუხობს.
რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სცენაზე ეროვნული თეატრის ვარსკვლავებს მოუყარა თავი.
ბევრი მოულოდნელობა, მუსიკაში ასახული იტალიური ცხოვრების სტილი და ქორეოგრაფია, ყველაფერი იმისთვის რომ სცენაზე ნეორეალიზმის საუკეთესო ნიმუში ზუსტად გაცოცხლდეს.
"მილიონერი ნაპოლი" მეორე მსოფლიო ომის დროს ნაპოლში მცხოვრები ოჯახის სირთულეებს ასახავს. პიესა აღწერს, თუ როგორ ცდილობს ამალია შავი ბაზრის საშუალებით ოჯახის გადარჩენას.
ედუარდო დე ფილიპოს პიესა მსახიობებისთვის მუდმივად შთაგონების წყაროა, რადგან მათ ნაპოლური საზოგადოების სირთულეები და მორალური დილემები სცენაზე რეალისტურად და ემოციურად უნდა გადმოსცენ.
პიესის შინაარსი მსახიობებს განსაკუთრებულ ექსპრესიულობას, დინამიურობასა და ხასიათის სიღრმის გადმოცემას ავალდებულებს.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის პრემიერა რამდენიმე კვირაში გაიმართება.
მანამდე კი დასი ინტენსიური მუშაობის პროცესშია, იმისათვის რომ პიესაში ასახული განწყობა მაყურებლამდე ზუსტად მიიტანონ.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.