საქართველოდან ამერიკაში, ამერიკიდან ბრიტანეთში, ბრიტანეთიდან ნიდერლანდებში - ასეთია მსოფლიო ვარსკვლავის - ნიდერლანდების ქართველი პრიმა ბალერინას მაია მახათელის გზა დიდ წარმატებამდე. "კურიერი P.S.-მა" ქართველ ხელოვანს, რომელსაც ბალეტის ოსკარიც აქვს აღებული, ამსტერდამში ჩააკითხა.
ნიდერლანდებში ამინდი გამართლებაზეა მზიანი საქართველოდან წასული უკვე 20 წელია ამსტერდამის წვიმიან ქუჩებში დადის.
ველოსიპედების ქალაქში ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც ამ ეკოლოგიურ ტრანსპორტს, ობიექტური მიზეზით არ იყენებს - რისკია ტრავმის და პროფესიული პაუზის. ის ხომ სხეულის ენით ჰყვება ჟიზელის ტრაგედიას, გედების მისტიკას და მაკნატუნას ზღაპარს. ბალეტის ენა ერთნაირად ესმით ბალეტომანებს ნიდერლანდებშიც და საქართველოშიც.
მაია მახათელი ნიდერლანდების ნაციონალური ოპერის თეატრის პრიმა ბალერინაა.
ჯერ კიდევ პატარა მაია თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მოხვედრაზე ოცნებობდა, სანამ ეს მოხდებოდა თბილისიდან ამსტერდამამდე იყო გრძელი და რთული გზა, ეს იყო დინასტიური გაგრძელება, ჯერ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შემდეგ პატარა ბალერინა ნიდერლანდებში. ვერც იმედგაცრუებების გარეშე აღმოჩნდა ქართული გვარი ამსტერდამის ქუჩებში გაკრულ აფიშებზე.
არასოდეს დანებდე - ამ შემართებით მალე პრიმას წოდება მოიპოვა, ჯერ ნიდერლანდელი მაყურებელი მონუსხა, შემდეგ კი საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა.
მაყურებელს ასე, რომ აღაფრთოვანებს ერთი ამოსუნთქვით შესრულებული ფუეტეს უკან, კულისებში ბევრი საიდუმლო იმალება.
ბალეტი სცენის მიღმა, სულაც არ არის ისეთი ჰაეროვანი, როგორიც ის მაყურებელთა დარბაზიდან ჩანს.
დღეში მინიმუმ 8 საათიანი ვარჯიში, ხშირად მკაცრი კების რაციონი, ტრავმები და პუანტებისგან დაზიანებული თითები. ყოველი სპექტაკლისას განცდილი დრამა. ერთ დღეს, რომ ესპანესი ჩელიტას ტემპერამენტი უნდა ჰქონდეს მეორე დღეს კი მძინარე მზეთუნახავის სინაზე. ეს ყველაფერი სცენაზე ზღაპრული დეკორაციების, ლამაზი კოსტიუმებისა და მონუმენტური პლასტიკის მქონე გოგო-ბიჭების შესრულებაში იმალება.
ეს ბალეტის მსახიობების ყოველდღიურობაა, სარეპეტიციო დარბაზში ე.წ. კლასი. მაგრამ ალბათ ცოტამ იცის, რომ მათი ფიზიკური აქტივობა ხშირად ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლების ვარჯიშის მსგავსია.
დარბაზში არც მათი კოსტიუმებია ისეთი დახვეწილი, როგორიც სცენაზე, პირიქით - მაქსიმალურად უწესრიგოდ და რამდენიმე ფენად, ჩუსტები, გამაშები და ჰუდები - კონტრასტი წესრიგისა და სინაზის ბალანსისთვის
სარეპეტიციო დარბაზში ხშირად არის მისი 4 წლის შვილიც, ისე როგორც ბევრი წლის წინ 4 წლის მაია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ნიდერლანდების ნაციონალური ოპერის თეატრში მაიამდე იყო კიდევ ერთი მახათელი - მისი ძმა, მაიას შემდეგ კი კიდევ 2 ქართული გვარი - სალომე ლევერაშვილი და გიორგი ფოცხიშვილი, ანუ იქ უკვე კარგად იციან, რომ ბალეტი ჩვენი ხელოვნებაა.
საუბრობენ ქართულად და ოცნებობენ ქართულ სცენაზე. მანამ, სანამ ქართველებს საოცნებო გასტროლს აჩუქებს, ნიდერლანდების ბალეტის მოყვარულებს ანებივრებს.
ნიდერლანდებში ახლა ტიტების ყვავილობის პერიოდია - ქართული ფესვები კი მათ სცენაზე მთელი წლის განმავლობაში ყვავილობენ.