23 მაისი 2025,   07:52
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმე - მალაიზიის მოქალაქე საქართველოში 20 კილოგრამი ნარკოტიკის შემოტანას ცდილობდა

20 კილოგრამი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას მალაიზიის მოქალაქე, ბანგკოკიდან ცდილობდა. 48 წლის ქალი ჰერმეტულად დაფასოებულ მარიხუანას სამგზავრო ჩანთაში მალავდა. 

აეროპორტში შემოსვლისთანავე მგზავრს სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს.

პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, მებაჟეებმა პირველად სკანირების აპარატში შეამჩნიეს. ამის შემდეგ დიდი ზომის ჩანთა შემოწმებისთვის შესაბამის სივრცეში გადაიტანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ჩემოდანი, თავდაპირველად ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე გაწვრთნილმა ძაღლმა შეამოწმა. საეჭვო ჩანთაც სწორედ, მაშინ გახსნეს, როდესაც კინოლოგებმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს.

"კურიერმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული 48 წლის ქალი, მეეჩინ ტანია. ის დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ოპერატიული ღონისძიებები, თბილისის აეროპორტში, კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას კონკრეტული მტკიცებულებები ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

დღის ამბები