23 მაისი 2025,   08:45
ვრცლად
მელიას ვერ აკავებ, რომელმაც სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, ამ დროს სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე გამოჩნდება და სადღაა სახელმწიფო - ეს იყო სცენარი და გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა - პრემიერი

"კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს, მოიშორა სამაჯური, მაგრდება პარტიის ოფისში, გეუბნება ვერ დამაკავებო. ანუ, სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი ასეთ ვითარებაში, როცა ვერ აკავებ და ამ დროს, წარმოიდგინეთ სურათი, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში. ეს იყო სცენარი," - საქართველოში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. 

მისი თქმით, გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა.

"სააკაშვილი მაშინ ამბობდა ასეთ რამეს, რომ ორი დღე მაცადეთ და მანდ ვიქნებიო. რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ამის გამო, რა თქმა უნდა, დამატებითი არგუმენტი გვქონდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად მოგვეთხოვა მელიას დაკავება. ისედაც საკმარისი იყო არგუმენტები, მაგრამ ეს იყო დამატებითი არგუმენტები. სააკაშვილი ამბობდა, ორი დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოშიო. თქვენ თუ გადახედავთ, რა დრო დასჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად ცნობილი კონტეინერით? ზუსტად ორი დღე. ანუ, გეგმა არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა. ანუ, კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს, მოიშორა სამაჯური, მაგრდება პარტიის ოფისში, გეუბნება ვერ დამაკავებო. ანუ, სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი ასეთ ვითარებაში, როცა ვერ აკავებ და ამ დროს, წარმოიდგინეთ ეს სურათი, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე გამოჩნდება. სადღაა სახელმწიფო? ეს იყო სცენარი. გახარიას დავალება იყო, ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან. აბა რა ლოგიკაში ჯდება, რომ სამი დღის ადრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თითს უქნევ (სხვათა შორის, არავის არ უკადრებია ამ სხდომამდე და ამ სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის თითის დაქნევა) და დაჟინებით, შეურაცხმყოფელი ფორმით სთხოვს იმუნიტეტის მოხსნას..." - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, გახარია თითს უქნევდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და დაჟინებით, შეურაცხმყოფელი ფორმით სთხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

"თავიდან წინააღმდეგი იყო იმუნიტეტის მოხსნის და ამაში ლოგიკა იყო. იმუნიტეტის არმოხსნაში უფრო იყო ლოგიკა, ვიდრე არდაკავებაში, რადგან იმუნიტეტის მოხსნა-არმოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როცა არ აკავებ და კანონს ვერ აღასრულებ, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა და ეს ლოგიკა იყო, ზუსტად მაგიტომ ითხოვდა ჯერ დაჟინებით, დავალებით იმუნიტეტის მოხსნას და მერე ამიტომ ითხოვდა არდაკავებას. პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა, შენს სიტყვას ხომ უნდა ჰქონდეს ფასი, მაგრამ როცა აგენტი ხარ, არცერთ შენს სიტყვას არ აქვს ფასი, რადგან დღეს ერთ რამეს გეტყვიან ეს უნდა გააკეთო, ხვალ მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები