
თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებები გადასცა. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, წინადადებათა შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე.
გამოცემის ცნობითვე, არსებობს კიდევ ერთი პირობა - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს) გარშემო ტერიტორია ნეიტრალურად გამოცხადდეს და შეერთებული შტატების კონტროლქვეშ გადავიდეს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებები წარმოდგენილია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა უკრაინელებს გასულ კვირას, პარიზში გადასცეს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს წინადადებები არც უკრაინის და არც რუსეთის მოთხოვნებს არ შეესაბამება.