22 ივნისი 2026,   23:01
ვრცლად
ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის 29-ე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) 29-ე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც CDMSI-ის ექსპერტთა კომიტეტების საქმიანობის პროგრესის,  სამომავლო პრიორიტეტების და სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაეთმო.

ღონისძიების ფარგლებში CDMSI-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიღწეული შედეგები და გადადგმული ნაბიჯები. ამასთან, ყურადღება დაეთმო CDMSI-ის მანდატით მიმდინარე Journalists Matter Campaign კამპანიის ეროვნული საკონტაქტო პირების მეოთხე შეხვედრისა და ყოველწლიური კონფერენციის "სიმართლის დაცვა: ჟურნალისტური უსაფრთხოებისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკის ყოვლისმომცველი მიდგომები" შედეგების შეფასებას, რომელშიც ComCom-ის წევრმა 2026 წლის აპრილში მიიღო მონაწილეობა.

CDMSI-ის რიგით 29-ე პლენარული შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე წარდგენილი იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2026 წლის ანგარიში სახელწოდებით "ახალი დემოკრატიული პაქტი ევროპისთვის გარდატეხის/რღვევის პერიოდში" (New Democratic Pact for Europe in times of rupture); ონლაინ გარემოში მედია პლურალიზმის დაცვის თაობაზე CDMSI-ის ექსპერტთა კომიტეტის (MSI-ePLU) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პროექტი და პლატფორმებზე დაფუძნებულ გარემოში მედია მარეგულირებლების როლის თაობაზე CDMSI-ის ექსპერტთა კომიტეტის (MSI-eREG) სახელმძღვანელო დოკუმენტი; უცხოური ჩარევისა და ინფორმაციით მანიპულირების თაობაზე CDMSI-ის ექსპერტთა კომიტეტის (PC-FIMI) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა FIMI-სა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების შესახებ და სხვა.

სამუშაო შეხვედრა ასევე დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას, როგორებიცაა: სოციალური მედიისა და სხვა პლატფორმების გავლენა აზროვნებასა და ქმედებაზე; ე.წ. "ინფლუენსერებთან" დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები; დამოუკიდებელი, მდგრადი და პლურალისტური საზოგადოებრივი მედიის შექმნა; სიძულვილის ენასთან ბრძოლა; ცილისწამების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების დანერგვა/განხორციელება და სხვა.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის წევრები ჩაერთვნენ დისკუსიებში ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO), მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA), ინფორმაციისა და დემოკრატიის ფორუმის (FID), მედიისა და ფილანთროპიის ინიციატივის (IMP), ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ CDMSI არის ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ მოქმედი კომიტეტი, რომელიც მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინტერნეტის მმართველობისა და ციფრულ გარემოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. CDMSI-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.

დღის ამბები