10 აგვისტო 2026,   12:47
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალებს 34 წელი შეუსრულდა - შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს საქართველოს მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩაიბარა

ჯარის იუბილე ტრადიციულად ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიება მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშების შემოტანით გაიხსნა. სამწყობრო მოედანზე განლაგდა თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფი და იუბილე, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების ფონზე, საზეიმო ზალპით გაგრძელდა. დღეს ქართულ ჯარს სამხედრო მოსამსახურეების ახალი ნაკადი შეუერთდა.

შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს საქართველოს მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩაიბარა და ჯარსაც პირველმა პრეზიდენტმა მიმართა. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ჯარისკაცობა ერთდროულად უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ომის საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება, მშვიდობის მნიშვნელობა იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის ძირითადი გზავნილი. თავდაცვის მინისტრმა კი მთავრობის იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების უფრო გაძლიერებას და სამხედროების სათანადოდ დაფასებას გულისხმობს.

ღონისძიების დასასრულს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისა და საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის გამორჩეული სამხედროები თავდაცვის მინისტრმა სხვადასხვა უწყებრივი მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიების ბოლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზას ვერტმფრენებმა გადაუფრინეს და საზოგადოებას ქართული ჯარის 34 წლის იუბილე ციდან მიულოცეს.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები