ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბული რჩება. ბენ გურიონის აეროპორტზე მიტანილი იერიშის შემდეგ, თელ-ავივში ფრენები აღდგენილია. აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა "ჰუსიტებმა" მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
რადიკალურმა დაჯგუფებამ აეროპორტზე დარტყმას ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული ომის საპასუხო ზომა უწოდა. პარალელურად, საომარი მოქმედებები არ წყდება ღაზაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში "ცაჰალის" იერიშებს 24 ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის არმიამ ღაზაში ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყო.
BBC-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნებისა და "ჰამასის" მებრძოლების დამარცხების მიზნით აუცილებელი ზეწოლით ხსნიან.