24 ივნისი 2025,   11:31
ვრცლად
ბათუმში სტიქიის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - ქალი ბინაზე გაეწერა, მამაკაცი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს

ზღვისპირა ქალაქში, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, შეფერხებით მუშაობდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც რეისებს სრული დატვირთვით უკვე ასრულებს. რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, დაშავდა ცოლ-ქმარი. ისინი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ქალი ბინაზე გაეწერა, მამაკაცი კი სტაბილურად, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. 

ჩამონგრეული სახლის სახურავები, მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ავტომობილები - ბათუმში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ზღვისპირა ქალაქში ძლიერი ქარმა პრობლემები შექმნა, უამინდობის გამო ბათუმის მოსახლეობას თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზეც, პიაცასთან ძლიერმა ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. ცოლ-ქმარი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ბათუმში ძლიერი ქარის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთულ მონაკვეთებზე მუნიციპალურ სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც.

სტიქიის გამო შეფერხებით მუშაობდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ძლიერი ქარის გამო თითქმის 45 წუთის დაგვიანებით დაეშვა სტამბული-ბათუმის რეისი. თვითმფრინავი დაშვებას უამინდობის გამო ვერ ახერხებდა, თუმცა საბოლოოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.

ბათუმში, ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დღის ამბები