
ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ჩვენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
9 მაისს დაბადებული ქვემო ალვანელი კაცი, ყოველ 9 მაისს თითქოს მეორედ იბადება. მოსაყოლი და გასახსენებელიც ბევრი აქვს. ძველი ფოტოსურათები სამხედრო წარსულში აბრუნებენ. იმ მოგონებებთან და მოვლენებთან, საუკუნის ნახევარზე მეტი რომ გავიდა და წლებთან ერთად მეხსიერებიდან მაინც ვერაფერმა წაშალა.
დიმიტრი ვეშაგურიძე დღემდე ეძებს ფრონტისხაზელ მეგობრებს, მაშინ უგზო-უკვლოდ რომ დაიკარგნენ. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი თავად სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ომმა სამუდამო იარებიც დაუტოვა. დაიჭრა და 3 თვე ფრონტზე საველე ჰოსპიტალში გაატარა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო სამსახური განაგრძო, უფროსი სერჟანტი იყო, ოცმეთაური. დღემდე ამაყობს, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხების საქმეში წვლილი მასაც აქვს შეტანილი, 9 მაისით ცხოვრობს და ამ დღეს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს.
ომში, რომელმაც მილიონობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, იბრძოდა თეთრიწყაროს სოფელ პატარა თონეთიდან დიდ ფრონტზე წასული ვახტანგ ადამაშვილიც. 17 წლისაც არ იყო ქერჩში რომ წაიყვანეს 12-შვილიანი ოჯახიდან. იქ პირველად ნახა სამხედრო აღჭურვილობაც და ჯარისკაცის ჩექმაც.
რადგან ჯირითი კარგად იცოდა, სოფელში დაბადებულს და გაზრდილს, ფრონტზე ხშირად ცხენითაც უწევდა გადაადგილება.
წლები გადიოდა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო იზრდებოდა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისთვის მისთვის გადაცემული მედლების რაოდენობა. როცა 9 მაისი თენდება, ვახტანგ ადამაშვილი განსაკუთრებულად ემზადება, თანამებრძოლებს უნდა შეუერთდეს.
საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა, თუმცა შინ ნახევარზე მეტი ვეღარ დაბრუნდა. ჩვენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
ისინი, ვინც გადარჩნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ყოველ წელს აღნიშნავენ. უხუცესი ვეტერანები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დილიდან იკრიბებიან, მიდიან ისე, ვისაც როგორ შეუძლია, ზოგს გადაადგილება უჭირს და ახლობლებს მოჰყავთ, ზოგიერთი მათგანის ასაკი საუკუნეზე მეტს ითვლის. მათთან მიდიან და ულოცავენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ფოტოებს იღებენ ბავშვები.
მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო და 1945 წლამდე, ვერმახტის კაპიტულაციამდე გაგრძელდა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, წითელ, აგურებიანი სკოლის შენობაში, ცენტრალური ევროპის დროით 02:41 წუთზე გერმანელი გენერალი ალფრედ იოდლი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე. ომი დამთავრდა.
დოკუმენტი, რომელიც ბერლინის კაპიტულაციას იუწყებოდა, ხუთი პუნქტისგან შედგებოდა. მასში ეწერა, რომ გერმანია მოკავშირეთა ძალებსა და სამხედრო სარდლობას ნებდებოდა.
ეს ერთადერთი კაპიტულაციის აქტი არ არის, რომელიც გაფორმდა. სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი 8 მაისს ღამით ქალაქ ბერლინში, საბჭოელთა შტაბბინაში. ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი (ფელდმარშალი გენერლის უმაღლესი რანგი იყო), საბჭოთა კავშირის მხრიდან კი - მარშალი ჟუკოვი. სტალინის მოთხოვნით ხელმოწერილი დოკუმენტი ყველა მხარემ ცნო და აღიარა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე იყო. ისინი დაიღუპნენ საბჭოთა კავშირში იმ ომში, რომელსაც რუსები დიდ სამამულო ომს უწოდებენ.
ამ მოხუცებმა ომის ისტორიები 80 წლის წინ საკუთარი თვალით ნახეს. გამოიარეს და მათ მეხსიერებას იქ გატარებული დღეები, ღამეები სამუდამოდ დარჩა.
ჰიტლერისა და სტალინის სახელმწიფოების დაპირისპირების თითქმის საუკუნისწინანდელ ამბავს წლების შემდეგ უკვე შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს უყვებიან.