
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კინოს დღესასწაული დაიწყო. მთელი მსოფლიოდან კინომოყვარულების ყურადღება ახლა კანისკენაა მიპყრობილი, სადაც შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში წითელ ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავები გაივლიან, როგორებიც რობერტ დე ნირო, ტომ კრუზი, სკარლეტ იოჰანსონი და ჯენიფერ ლოურენსია. ვარსკვლავურია კანის კინოფესტივალის ჟიურიც რომელსაც ჯულიეტ ბინოში უხელმძღვანელებს.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უძველეს კინოფესტივალზე წელს მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს და სტუმრებს მკაცრი დრესკოდი განუსაზღვრეს. აიკრძალა სიშიშვლე, გამჭვირვალე და მოცულობითი სამოსების ჩაცმა ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი 2022 წლის ფესტივალზე მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც პროუკრაინულმა აქტივისტმა, ხალიჩაზე დემონსტრაციულად გაიხადა კაბა - აღნიშნულმა შემთხვევამ, ფესტივალი იძულებული გახადა საფესტივალო წესდება შეეცვალა.
კანის წლევანდელ კინოფესტივალს სკანდალი და პოლიტიკური ასპექტიც ახლავს, ღონისძიების საზეიმო განწყობა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიესთვის გამოტანილმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეცვალა, 76 წლის ვარსკვლავი ორი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ეჭვმიტანილი.
კინოკრიტიკოსები, ასევე, ელოდებიან მსოფლიო კინო ვარსკვლავების პროტესტს და საჯარო პოზიციას დონალდ ტრამპის მიერ 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებაზე ყველა იმ ფილმზე, რომელიც შტატებში არაა გადაღებული.
კინოფესტივალის კიდევ ერთი პოლიტიკური ნაწილი, პალესტინელ ფოტოჟურნალისტ ფატიმა ჰასონზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი იქნება. საფესტივალო პროგრამაში მოხვედრიდან მეორე დღეს ის ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა ოჯახთან ერთად ღაზის სექტორში.
ფესტივალის ფარგლებში 50 ფილმის ჩვენება გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი