24 ივნისი 2025,   11:42
ვრცლად
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები - ერთადერთი საკითხი, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თითქმის 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ შეჯერდნენ, ტყვეების გაცვლაა

"ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა" - ამ სიტყვების შემდეგ, დოლმა ბაჰჩეს სასახლიდან გამოსულმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ დაძაბული მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოსკოვმა მშვიდობის სანაცვლოდ კიევს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა მოსთხოვა. ერთადერთი საკითხი, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თითქმის 2 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეჯერდნენ, ტყვეების გაცვლაა.

უკრაინამ პასუხი ვერც მეორე მოთხოვნაზე მიიღო - მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის გუნდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის მოთხოვნა წამოაყენა. მოსკოვიდან სტამბოლში ჩასულმა კრემლის წარმომადგენლებმა ჯერჯერობით მხოლოდ ამ შეთავაზების განხილვის პირობა დადეს.

დოლმა ბაჰჩეს სასახლეში დაპირისპირებულ მხარეებს დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა და მთავარი შუამავლის ფუნქციაც შეითავსა. ჰაკან ფიდანმა შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მიმართა და მოუწოდა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტებიდან არჩევანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეაჩერონ.

ვიდრე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ, უკრაინული მხარის მოთხოვნებსა და მოლოდინებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთიდან ისაუბრა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსული მხარისგან კიდევ ერთხელ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

საგანგებოდ, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან სასაუბროდ, სტამბოლში ვაშინგტონიდანაც ჩავიდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მთელი დღის განმავლობაში დელეგაციებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა. სანამ მარკო რუბიო ცდილობდა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებამდე მიეყვანა, მიმდინარე მოლაპარაკებებზე შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა.

დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმას, არიან დაჭრილები. პარალელურად რუსულმა სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კუპიანსკსაც შეუტიეს. უკრაინაში ომის 1178-ე დღეა.

დღის ამბები