უკრაინამ რუსეთისგან მორიგი მუქარა დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოლაპარაკებების მაგიდასთან მოისმინა. საერთაშორისო მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც კიევის დელეგაციამ მოსკოვის წარმომადგენლებს ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა შესთავაზა, პუტინის თანაშემწემ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს დემილიტარიზაცია მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ორი რეგიონის, ხარკოვის და სუმის ოკუპაცია დააანონსა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ საჭიროა ომის დასრულებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები და პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი არც ცეცხლის 30 დღით შეწყვეტას დათანხმდა და სტამბოლში არც ვლადიმერ პუტინი ჩავიდა, ოფიციალური მოსკოვი ორმხრივი, პირდაპირი შეხვედრებისთვის მზადყოფნას ისევ გამოხატავს. მომდევნო მოლაპარაკებების ორგანიზებამდე, ოფიციალური მოსკოვი უკრაინის დელეგაციისთვის მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს მოამზადებს. საკითხზე განცხადება კრემლის პრეს სპიკერმა გააკეთა. პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს მთავარი მედიატორი. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინთან ომის დასასრულებლად შეთანხმებას შეძლებს, თუმცა "ფოქს ნიუსის" ეთერში ტრამპი იმასაც იმეორებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევის ჩავარდნის შემთხვევაში, მზადაა, რუსეთს სანქციები დაუწესოს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. დღეს სუმის ოლქში სამგზავრო მიკროავტობუსზე თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი კი დაიჭრა.