
იყო და არა იყო რა... თოჯინები ზღაპარია, ნამდვილი ზღაპარი..
როცა ამ ოთახში სინათლე ინთება, ბევრი ჯადოსნური თავგადასავალი ჩნდება. ფიქრისგან ნაძერწი ბავშვობის მცველები რეალურები არიან. ყველა მათგანი ცოცხალია.
თოჯინები ოთახიდან მუზების სამყაროში, მუზეუმში გადავიდნენ. 60 გმირი ხელოვნების სასახლის კედლებში გადანაწილდა.
გასული საუკუნის ექსპონატებს ახალი ექსპონატები, ზღაპრული გმირები შეავსებენ. მუზეუმების საერთაშორისო დღე ჩვენი დროის მეთოჯინეებს ეძღვნებათ.
ამბობენ, რომ თოჯინა მის ავტორს ჰგავს. იცვლება ხასიათი, კონტურები, ფორმები, ფერები მაგრამ უცნაური მსგავსება მაინც რჩება.
როგორც წესი, ხასიათი პროცესში იძერწება, ხელოვანისთვის ეს თავისუფლებაა, ამიტომ შეკვეთებზე არასდროს მუშაობენ.
პოლიმირებული თიხის მიღმა ექიმია, მასწავლებელი, ინჟინერი. აქ ბევრი პროფესია ერთიანდება, მთავარი მაინც ინტერესი და ჯიუტი ხასიათია, რომ ეს გამოვა.
იულია ამ დარგის თვითნასწავლი ხელოვანია. ვერასდროს იოცნებებდა, რომ წლების შემდეგ, გზას სხვებს გაუკვალავდა, შექმნიდა კურსებს, მოყვარულებს პროფესიონალებად აქცევდა. პირველმა გამოფენამ ბიძგი მისცა. ეს ბიძგი კი უწმინდესმა.
სულის შთაბერვა რომ შეეძლოს, სამყაროს ბალანსს დაიცავდა და ბოროტ პერსონაჟებსაც გააცოცხლებდა.
თოჯინები იპარავენ, მღერიან, იცინიან, მრავლდებიან. დიდი ადამიანები თაროებზე შემოსხდებიან.
საგამოფენო სივრცეში რჩეულები მოხვდნენ, ისეთები, რომლებთანაც საათობით ჩამოდგები, ყველა დეტალს შეისწავლი. ხვდები, რომ თითოეული მათგანი ერთადერთი და უნიკალურია, მაშინაც კი, როცა ავტორი ერთი პერსონაჟის რამდენიმე ვერსიას ქმნის. ჩუმი, ხშირად უსახელო მსახიობები დაელოდებიან მათ, ვისთვისაც ახალ დროებით მისამართზე დაიდეს ბინა.