
ალექსანდრე მეგუთნიშვილს წინანდალში ათობით ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2009 წლის სექტემბერში, ჩამოართვეს. დაზარალებულმა ბიზნესმენმა დეტალურად ისაუბრა იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა. მეგუთნიშვილი იხსენებს, რომ აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი კოდუამ, მიწის ნაკვეთი იძულებით დაათმობინა, შემდეგ კი მაშინდელმა ხელისუფლებამ ის ციხეში თაღლითობის ბრალდებით გაუშვა.
ალექსანდრე მეგუთნიშვილისთვის დღეს განსაკუთრებულად მძიმე გასახსენებელი გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პატიმრობა აღმოჩნდა. დაზარალებული ბიზნესმენი, რომელიც ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი თითქმის ყოველდღე იყო, იხსენებს, რომ მას დღეში რამდენჯერმე სკამზე აბამდნენ, ხელებს უკრავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ბიზნესის რეკეტის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარდა, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტიც განიხილეს. დეპუტატებმა ქართველი მეცნიერის, გურამ შარაძის შვილს მოუსმინეს. რუსუდან შარაძემ 18 წლის წინ, თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის დეტალები გაიხსენა და იმ საეჭვო გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც მამის მკვლელობის საქმეში არსებობს. ისტორიკოსის შვილმა დღეს ყოფილი ხელისუფლების ის მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით გურამ შარაძის ლიკვიდაცია დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.