მიმდინარე სეზონის საუკეთესო კლუბის გამოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორც პარიზში, მილანში და საქართველოში, ასევე მთელ ევროპაში ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე საათებს ითვლიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენისა" და "ინტერის" ჯახი შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სანამ პარიზელები ისტორიული, პირველი ტიტულის მოსაგებად ემზადებიან, "რუსთავი 2" არგენტინის ნაკრების და "პსჟ"-ის ყოფილ ვარსკვლავს, ხავიერ პასტორეს ესაუბრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში "ფლაკომ" მიმოიხილა დედაქალაქელთა შანსები ფინალში და განსაკუთრებული აქცენტი კი ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.
"პსჟ"-ის გარშემო დიდი მოლოდინი არსებობს. ეს არის გუნდი, რომელმაც თავდაჯერებულობა გამოავლინა და სიმპათიას იმსახურებს. მათ აქვთ შესაბამისი სპორტული
დონე, რომ ჩაატარონ შესანიშნავი ფინალი და კარგი შედეგი მიიღონ. ვფიქრობ, ეს შედეგი ძალიან, ძალიან პოზიტიური იქნება, ძირითადად იმ თვითრწმენის გამო, რომელიც გულშემატკივრებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და ყველას, ვინც "პარი სენ-ჟერმენშია", აქვთ," - ამბობს პასტორე.
მას კითხვა პროგნოზებთან დაკავშირებითაც დავუსვით:
"ვფიქრობ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" გაიმარჯვებს - ნაწილობრივ ამას გული მეუბნება, მაგრამ ასევე, ჩემი უფრო რაციონალური ნაწილი, რომელმაც ამ სეზონში ყველა მატჩი ნახა, მკარნახობს, რომ ეს ძალიან მყარი გუნდია, რომელიც მუდმივად აჩვენებდა შესანიშნავ თამაშს, ატარებდა დიდებულ მატჩებს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალს მოვიგებთ."
გუნდის ზოგად შეფასებასთან ერთად, არგენტინელ ვეტერანს შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას და ფინალში მის როლთან დაკავშირებითაც დავუსვით. ტრადიციულად, ხავიერ პასტორე
ქართველი ვარსკვლავის მიმართ დადებით სიტყვებს არ იშურებს.
"ჩემი აზრით, კვარაცხელია "ინტერთან" საკვანძო ფეხბურთელი იქნება. ის ფუნდამენტური მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბრობს დემბელეზე, მის გოლებზე, დრიბლინგზე... კვარაცხელია გუნდს ბევრ სიახლეს სთავაზობს. დაცვაში კარგად ირჯება, ასევე შეტევის ორგანიზებაში, თავდაჯერების ამაღლებაში ეხმარება გუნდს. ისეთი მოთამაშეა, რომელიც ბურთს ხშირად არ კარგავს და ყოველ
ჯერზე, როცა შეტევაზე გადადის და ჩქარდება, მოწინააღმდეგისთვის ძალიან სახიფათოა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ კარგ მატჩს ჩაატარებს, სუპერკონცენტრირებული იქნება როგორც ყოველთვის და შეძლებს უპირატესობის შექმნას.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ამ თასზე ვოცნებობთ და იმედი მაქვს, რომ მისი წყალობით, ამ ხუთი მოკლე თვის შემდეგ, რაც კლუბში გაატარა, დიდი სიხარული გვეწვევა," - ამბობს პასტორე.
ექს-პარიზელის სიტყვები ასახავს იმ რწმენას, რაც დღეს "პარი სენ-ჟერმენის" გარშემო არსებობს. "ინტერი" მტკიცე, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის ძალაც ძირითადად ხასიათშია, რასაც "პსჟ" ახალგაზრდულ ენერგიას და შემტევ, სანახაობრივ სტილს დაუპირისპირებს. შეხვედრა ძალიან პრინციპულია, კვარაცხელია ეცდება თავის კლუბს პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანოს და გახდეს მეორე ქართველი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირის თასს დაეპატრონება.