როცა ამდენს იბრძოლებ და მერე შენს ოცნებასთან ასე ახლოს მიხვალ, მაშინ გამარჯვებას სულ სხვა ფასი და გემო აქვს, აი ასეთი, დიდ ევროპულ საფეხბურთო ზეიმზე ერთ ქართველ ფეხბურთელს რომ გადახდა.... ემოციებიც შესაბამისი იყო....
მიუნხენში, "ალიანც არენაზე" მოთამაშე პატარა ბიჭისთვის საოცნებო გოლი ასე გამოიყურება. ამ წუთიდან ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
ამ დღეს "პარი სენ-ჟერმენმა" "ინტერი" 5:0 დაამარცხა. ისტორიულ მატჩში კი მეოთხე გოლის ავტორი, ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი გახდა.
მოედანზე გასვლამდეც სჯეროდა, რომ ერთხელაც მის ცხოვრებაში ეს დღე დადგებოდა, როცა დიდ საფეხბურთო ფურცელზე თავის სახელსა და გვარს ჩაწერდა.
მატჩიც და ამ დღის ემოციებიც სტადიონის ტრიბუნებზე მყოფ ადამიანებს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ. მეთორმეტე მოთამაშის რიგებში კვარას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, თანაგუნდელები და მეგობრები ეროვნული ნაკრებიდან, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და უამრავი ქართველი ქომაგი ტრიბუნებზე და ტელევიზორებთან, თავის სამშობლოში. ფეხბურთის ახალ თაობასთან ერთად, კვარას წარმატება უხაროდათ ვეტერანებსაც.
და მაინც, ყველაზე დასამახსოვრებელი მწვრთნელის რეაქცია იყო ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე, მერე კი პირადი მილოცვა.
ლუის ენრიკემ გამარჯვება შვილს მიუძღვნა. პატარა გოგონას, რომელიც 9 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულშემატკივრებმა დიდი გამარჯვების შემდეგ "პარის სენ-ჟერმენის" მწვრთნელს მაისური გადასცეს, გარდაცვლილ გოგონას კი პატივი განსაკუთრებული ფორმით მიაგეს.
ტრიუმფალურ გამარჯვებამდე და ოცნების ახდენამდე ქართველი ფეხბურთელი პარიზულმა გუნდმა მიიყვანა, სადაც თამაში იანვრიდან დაიწყო და უკვე სამი ტიტული მოიგო. საფრანგეთმა, სადაც ახლა ჩემპიონების დასახვედრად ემზადებიან, ფეხბურთელების ზეიმი მოედნიდან გასახდელში გაგრძელდა, მერე გუნდის ავტობუსში.
"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გუნდს აქამდე ერთხელ ჰქონდა ფინალში ნათამაშები, 2020 წელს პარიზელები მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდნენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში პირველად ტაბლოზე დაფიქსირდა ანგარიშიც 5-0. "პესეჟეს" 11-ეული ყველაზე ახალგაზრდულია ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში.
"პესეჟეს" შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიდან" გადავიდა, სადაც მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე უკვე გახდა ჩემპიონი, მერე მოიგო საფრანგეთის თასი, ლიგა ერთი, გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, წინ სუპერთასია, მანამდე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და დიდი შანსი, რომ ერთ სეზონზე 6 თასი მოიგოს.
სანამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფი ტრიუმფალურ თაღამდე ჩააღწევდა, ქართველ გულშემატკივარს წლობით ნანატრი ოცნება საქართველოში აუხდინა, როცა მან და მისმა თანაგუნდელებმა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.
ასეთია პატარა ბიჭის ისტორია, რომელმაც ფეხბურთი მთელ საქართველოს თავიდან შეაყვარა და კიდევ უფრო მეტს ფეხბურთის თამაში დააწყებინა.
დიდ ფეხბურთამდე დიდმა ოცნებებმა მიიყვანა. მის გამარჯვებებსაც ზურგს ბავშვობის წლები და მაშინ ჩაფიქრებული სურვილები უმაგრებს.
"ინტერისა" და "პესეჟეს" დაპირისპირებას ალბათ ყველაზე მეტად სამეგრელოში, მის მშობლიურ სოფელში ელოდებოდნენ, იქ, სადაც წლების წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთში ფეხი აიდგა.
ისტორიული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა. წინ დიდი გამარჯვებები და მოლოდინია, რომ ტრიუმფი ტრიუმფალურ თაღთან არ დასრულდება.