ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ანსამბლ "რუსთავთან" და "მართვესთან" აქტიურ თანამშრომლობას იწყებს.
პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტის ბაზაზე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ და გაიღრმაონ ცოდნა, ქართული ფოლკლორის მიმართულებით.
მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტში დღეს გაფორმდა. ანსამბლმა "რუსთავმა" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა ანსამბლის უნიკალური, საარქივო სამტომეული - "ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია".
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის.
საერთაშორისო - საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.