საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება, პირველი მატჩი კი ახალგაზრდა ჯვაროსნებს ხვალ პოლონეთთან ექნება, 4 დღეში კი ფრანგებს დაუპირისპირდებიან.
ეროვნულ ნაკრებს რთული ჯგუფი შეხვდა, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს წარმატების დიდი შანსი აქვთ. პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ სლოვაკეთში პირველი წვრთნა "სლოვანის" სტადიონზე უკვე გამართა. ჯვაროსნებს ტრავმების გამო ვერ ეხმარება რამდენიმე მცველი, თუმცა რამაზ სვანაძე რომელმაც ცოტა ხნის წინ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"სასიამოვნოა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს მეორე ევროპის ჩემპიონატია, მაინც სულ სხვა გემო აქვს, როდესაც საკუთარი შრომით, საკუთარი ნერვებით, იმ დიდი ბრძოლებით, რომლებიც ჩვენ გავიარეთ, შესარჩევი მაქვს მხედველობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი ხელით მოპოვებული საგზური, სულ სხვაა." - აღნიშნა რამაზ სვანაძე.
კომენტარი გააკეთა 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა.
"მოხარული ვარ, რომ მეორეჯერ მიწევს 21 წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაში. სასიხარულოა ის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვეთ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რითაც მოვედით აქამდე, იგივე შემართებით ვიქნებით," - აღნიშნა ირაკლი აზაროვი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი