დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება "გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" ჯერ დასრულებული არ არის და ამ დრომდე არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
საელჩო ასევე წერს, რომ მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია.
პასუხად, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საელჩოს თავისი ფუნქციები ერევა და დიპლომატიური უწყების კომპეტენცია არჩევნებზე დაკვირვება და საარჩევნო თემატიკა არ არის.
"სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.
ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით,მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა. დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას", - აღნიშნულია განცხადებაში.