10 აგვისტო 2026,   12:43
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო 20 ივნისის სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გამოძიების ეფექტიანად ჩატარებას ითხოვს - ევროპული სასამართლოს კითხვების ადრესატი გიორგი გახარიაა

იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საქმეს ეხება. 6 წლის წინ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობასთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს სპეციალური საშუალებების და ძალის გამოყენების უფლებაც ჰქონდა, რადგან მანიფესტაციამ ძალადობრივი სახე მიიღო. ევროპულ სასამართლოს აქვს შენიშვნაც, თუ რამდენად სწორად მოხდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვა და რამდენად შეიძლებოდა ზიანის შემცირება. ეს კითხვა ევროპულ სასამართლოსთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს.

სტრასბურგის სასამართლო 20 ივნისის სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით, გამოძიების ეფექტიანად ჩატარებას ითხოვს. ევროპული სასამართლოს კითხვების ადრესატი კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია. ყოფილი ძალოვანის გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპერაციის დაგეგმვის დროს, გიორგი გახარია სახელმწიფო ინტერესების დაცვით მოქმედებდა.

ვიდრე გახარიას გუნდი 20 ივნისზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებს, ოპოზიცია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბრალეულობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ 6 წლის წინ გამართულ აქციაზე ზიანის მინიმიზაცია შესაძლებელი იყო, საუბრობენ ხელახალი გამოძიების აუცილებლობაზეც.

ევროპული სასამართლოს დავალება, 20 ივნისის სპეცოპერაციის დაგეგმვის ხელახლა შესწავლაა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაწყებულია.

6 წლის წინანდელი ოპერაციის დაგეგმვის ტაქტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვისას უპასუხა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გახარიას პასუხები არასრულყოფილი იყო.

რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი - პარლამენტის თავმჯდომარისთვის, პარლამენტთან დღეს მიმდინარე პროცესების საწყისი სწორედ 2019 წლის 20 ივნისია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოზე ძალადობრივი შტურმი რადიკალური სცენარის ნაწილი იყო, ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებში კი აქტიურად მონაწილეობდნენ, ქვეყნის ფარგლებს გარედანაც.

2019 წლის 20-21 ივნისს აქციების დროს დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები