საუკუნეების განმავლობაში, მუსიკის საშუალებით ადამიანები საკუთარ ემოციებს გამოხატავენ. კლასიკური მუსიკის ისტორიაში კი გარდატეხა მე-18 საუკუნიდან მოხდა და საფუძველი ჩაეყარა სიმფონიური მუსიკის საღამოების ჩატარებას. ტრადიცია გრძელდება. უკვე მე-6 წელია, "თბილისის პიანო ფესტივალი" მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
"პიანო ფესტი" - ანუ თავგადასავალი კლასიკური მუსიკის სამყაროში. თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა ბაროკოს ეპოქის ყველაზე პოპულარული კომპოზიტორის, ვივალდის ნაწარმოები შეასრულა, ასევე შტრაუსის და მოცარტის კომპოზიციები.
ორბელიანის მოედანზე ახლა კლასიკური მუსიკა ჟღერს - ის კომპოზიციები, დროს რომ გაუძლო და დღემდე ყველა ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. "ახალგაზრდულ ორკესტრთან" ერთად არიან სოლისტებიც. ამ ადამიანებმა, ფესტივალის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
საფინალო საღამომდე იყო კონსერვატორიის დიდი დარბაზი და მსოფლიოში აღიარებული კანადელი პიანისტის, მარკ ანდრე ჰემელინის კონცერტი. კომპოზიტორმა ჰაიდნის, ბეთჰოვენის, რახმანინოვისა და მეტნერის ნაწარმოებები შეასრულა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზი ანდრიუს ჟლაბისის საღამოს დაეთმო. პიანისტმა და კომპოზიტორმა საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით ბოლო წლებში მიიპყრო. მუსიკოსი ცნობილია იმით, რომ იგი გია ყანჩელის მუსიკას ასრულებს.
მუსიკალური საღამოების გარდა, ფესტივალი მასტერკლასების სერიასაც მოიცავდა. მსოფლიო დონის, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წელსაც ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ - ხელი შეუწყონ ახალ თაობაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. ამ ფორმით კი, "პიანო ფესტი" მაყურებელს მომდევნო ზაფხულამდე დაემშვიდობა.