შავი ზღვის კურორტზე ხალხმრავლობაა. ამაღლებულ განწყობას შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ქმნის, რომელიც ზაფხულის ტრადიციას არ ღალატობს - Black Sea Jazz Festival-ს ბათუმი უკვე მეთვრამეტედ მასპინძლობს.
3 დღიანი ჯაზფესტივალის პირველი სტუმარი გრემის ჯილდოს მფლობელი მომღერალი, პროდიუსერი და მსახიობი ლედისი იყო. მან აუდიტორია ძლიერი ვოკალითა და არტისტიზმით მოხიბლა. ლედისის შემოქმედება ჯაზის, გოსპელისა და ფანკის ელემენტებს აერთიანებს. წლევანდელ "სუპერბოულზე" მომღერალმა აშშ-ს სამოქალაქო უფლებების მემკვიდრეობაზე შექმნილი ჰიმნიც შეასრულა.
კონცერტამდე, მსმენელის განწყობის შექმნაზე დიჯეიმ იზრუნა. შავი ზღვის ჯაზფესტივალი მუსიკალური დღესასწაულია, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს აერთიანებს.
მუსიკალური მოგზაურობა ჯაზის სამყაროში გრძელდება. დღეს მაყურებელი მოისმენს ფანკის მიმდინარეობის წარმომადგენელს the next movement-ს. ბენდი მსმენელს ახალ პროგრამას წარუდგენს. მოგვიანებით, სცენას დაიკავებს ესპანელი არტისტი ვინსენ გარსია და მისი ჯგუფი.
13 ივლისს წლევანდელი ფესტივალი დაიხურება. ჯაზის მოყვარულები მოუსმენენ დისკოსა და სოულის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალთა ჯგუფს. ეს არის ჯგუფი, რომელიც 1970-80-იან წლებში შთაგონების წყაროდ იქცა ახალგაზრდა აფროამერიკელი ქალებისთვის. ჯგუფის ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება ჰიტს "ვი არ ფემილი", რომელიც ერთიანობის ჰიმნად იქცა.
3 დღის განმავლობაში, ბათუმის კორტების სცენა, ტრადიციულად, ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების მასპინძელი იქნება. კონცერტების შემდეგ კი "ჯემ სეიშენი" "თეიქ 5"-ში გაგრძელდება.