08 აგვისტო 2026,   23:32
ვრცლად
2019 წლის 20 ივნისის საქმე, იყო თუ არა შესაძლებელი ზიანის შემცირება მოქალაქეებთან მიმართებით - საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო

20 ივნისის საქმის ხელახალი გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი მითითებას, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, სრულყოფილად შეისწავლოს აქციის დაშლის ოპერაციის ტაქტიკა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს სამართლებრივად პარლამენტის შენობაზე შტურმის კვალიფიკაცია მიენიჭა. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 20 ივნისს, სახელმწიფოს სპეციალური ღონისძიებებისა და ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა, ვინაიდან მანიფესტაციამ ძალადობრივი სახე მიიღო.

კითხვები აქვს, თუმცა კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი ფავლენიშვილს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ გიორგი გახარიას არ ეკისრება.

იმავეს ამტკიცებენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში "საქართველოსთვის." ექსპრემიერის გუნდში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი გიორგი გახარია გამოძიების კითხვებს არ გაექცევა.

შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება? - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელიც უკვე წლებია არსებობს და რომელიც უკვე ევროპულმა სასამართლომ დასვა. სტრასბურგის რეკომენდაციის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე, დაზარალებულთა მონაწილეობით, საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა.

20 ივნისის საქმე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანიცაა, სადაც გიორგი გახარია უკვე ორჯერ გამოიკითხა. კომისია ამ საკითხზე დასკვნასაც ამზადებს, რომელიც მოგვიანებით, საგამოძიებო უწყებას გადაეცემა.

დღის ამბები