კახეთში, შირაქის ველზე, ალოობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. ფერმერები წელს ხორბლის რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ამბობენ, რომ მოსავლიანობა შარშანდელთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილია.
წელს ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომპანიაა ჩართული. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონას აღემატება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ფერმერების პრობლემების გადასაჭრელად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნენ პარლამენტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომელიც მარცვლეული კულტურის აღების პროცესს უკავშირდება. განიმარტა, რომ მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამებით, მომავალშიც გაგრძელდება.
მოსავლის აღება და დაბინავება აგვისტოში დასრულდება. მკის პროცესის პარალელურად, ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბია განთავსებული.