08 აგვისტო 2026,   23:32
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები "სადგურის მოედანზე" - რა ვითარებაა ტრაგედიის ადგილას

თევდორე მღვდლის 10 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, მუშაობა დაასრულეს ექსპერტებმაც. ამ წუთებში კი ტერიტორიაზე შედიან "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები და იწყება ტერიტორიის დასუფთავება.

თევდორე მღვდლის 10 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები დილიდან განახლდა. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ნგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

დღის მეორე ნახევარში, საცხოვრებელ კორპუსში, სპეციალური გრაფიკით და ეტაპობრივად შეუშვეს ადგილობრივები. ოჯახებმა პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გამოიტანეს.

ჩამონგრეული შენობიდან გაყვანილია 94 ადამიანი. ისინი დიდუბის გამგეობამ 10 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. ადგილობრივები თავად ადასტურებენ, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია, ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა, თუმცა ოჯახების უმეტესობამ მერიის ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობაზე უარი თავად განაცხადა.

ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მივიდა დედაქალაქის მერი. კახა კალაძე სადგურის მოედანზე მომხდარ ფაქტს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დღესაც გამოეხმაურა. კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კორპუსს ავარიულობის მესამე კატეგორიის ხარისხი აქვს. თბილისის მერის თქმით, გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა, თუმცა ჩანაცვლებაზე მოსახლეობის ასპროცენტიანი თანხმობა ვერ მიიღო. მისივე თქმით, კანონმდებლობა მოსახლეობის იძულებით გამოყვანას კრძალავს.

საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი. 49 წლის ქალი, მრავლობითი დაზიანებით, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სადგურის მოედანზე მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე იმყოფებოდა შსს-ს მინისტრი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები