09 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით ისევ გადაიკეტა - იქ დღეს დაზარალებულის სტატუსით გიორგი ჭუმბურიძე და მაკო გომური იმყოფებოდნენ

მითითება გამოძიების ჩატარების შესახებ, ქვეყანამ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღო. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ინსტანციამ, 20 ივნისის საქმეზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის აუცილებლობის კუთხით სრულად გაამართლა, თუმცა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დააფიქსირა, რაც საპოლიციო ოპერაციის დროს სავარაუდო გადაცდომების მოკვლევის აუცილებლობას გულისხმობს. საგამოძიებო ექსპერიმენტები რუსთაველის გამზირზე დაზარალებულების მონაწილეობით უკვე მეორე კვირაა ინტენსიურად ტარდება.

დღეს საგამოძიებო მოქმედებებისთვის რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით კვლავ გადაიკეტა. ექსპერტებთან ერთად, დაზარალებულის სტატუსის მქონე გიორგი ჭუმბურიძე და მაკო გომური იმყოფებოდნენ. გომური, რომელმაც 20 ივნისს ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, მთავარ პასუხისმგებლობას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ თავად გიორგი გახარიას პარტიაში. ამბობენ, რომ მცირე პალატას საპოლიციო ოპერაციის მოკვლევის რეკომენდაცია არ გაუცია.

20 ივნისის დაშლის საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით კითხვები სწორედ გიორგი გახარიასთან აქვთ მმართველ გუნდში. მის თანაპარტიელებს სპეკულაციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გახარიასთან არსებული კითხვები უფრო რელევანტური გახადა.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყების აუცილებლობა დღეს იუსტიციის სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტეს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში სტრასბურგის მცირე პალატამ საქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების კუთხით დადებითად შეაფასა. დაადასტურა სახელმწიფოს მოქმედების აუცილებლობაც. მოკვლევა კი მხოლოდ პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე მოითხოვა.

2019 წლის 20-21 ივნისის საპოლიციო დაშლის ღონისძიების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 80 სამართალდამცველი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი იყო.

დღის ამბები