20 ივნისის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები, დღეს, ჟურნალისტების მონაწილეობით ტარდება.
პროკურატურის ინფორმაციით, საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. უნდა გაირკვეს, რა სახის სავარაუდო გადაცდომები შეიძლება ყოფილიყო 20 ივნისის ღამეს - აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტი პარლამენტის წინ რამდენიმე დღეა ტარდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ჯუბა ქათამაძის განცხადებით, ისინი აუცილებლად მიიღებენ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას, თუმცა ეს უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, უკეთესი იქნებოდა.
"საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო თავის დროზე. რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას დაზარალებულები და მათი წარმომადგენლები. სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაეფექტური გამოძიება იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს დაავალა, რომ ნაკლოვანი გამოძიება გაესწორებინა. შედეგი რამდენად დადგება ვნახოთ", - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტთან 5 დაზარალებულს ელოდებიან, რომლებიც საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებენ მონაწილეობას.
"საზოგადოებამ მიმდინარე კვირის განმავლობაში ნახა, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულების მონაწილეობით. დღესაც ველოდებით 5 დაზარალებულს, რომლებიც გამოცხადდებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინიც მიიღებენ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას. აღნიშნული ექსპერიმენტი ემსახურება ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულებას, რათა მეტი დეტალი იქნეს საქმეზე წარდგენილი, ფართო სურათი იყოს გაშლილი და დადგინდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები", - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.