5 წუთიანი ფარული აუდიო მასალა "ქურდული გარჩევის" ერთ კონკრეტულ ფაქტს ასახავს. სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს, დაკავებულების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური დავა ვერ მოაგვარეს და დახმარება საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებს სთხოვეს.
ფარული სატელეფონო საუბრების მიხედვით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, თანხის გამოძალვას მუქარით ცდილობდნენ. გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ ბრალდებულები კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
მოგვიანებით, ფინანსური დავის მოგვარებაში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდებიც ჩაერთნენ. თენგო ხოფერია - იგივე "ჭინკა" და ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად ლაზარე - ორივე მათგანის საუბრები გამოძიების ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ისმის.
მისამართებზე, სადაც სპეცოპერაციები მიმდინარეობდა, "კურიერი" მივიდა, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრებმა დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
დაკავებულების უმეტესობა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირს უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ბრალეულობის დამადასტურებელი, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, სისხლის სამართლის საქმეში არ დევს.
სისხლის სამართლის საქმეში, ფარული სატელეფონო ჩანაწერების გარდა, სხვა ნივთმტკიცებებიც დევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის დროს, ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 20-ვე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი 4 პირს, რომელთაგან ორი "კანონიერი ქურდია".
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.