თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე, უეფას სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ბაზა განთავსდება. 26 300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, სპორტული კლუბი "ათლეტიკი" მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. პროექტის დასრულების ვადად 36 თვე განისაზღვრა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კლუბისთვის 20 წლის ვადით ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.
სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ სპორტის სამინისტროში. ამბობენ, რომ სწორედ
ამ მიზნით დაამტკიცა მთავრობამ ახალი პროგრამა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გაცემას ითვალისწინებს. სპორტისა და განათლების მინისტრების განცხადებით, პრემიერის გადაწყვეტილება სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას გაზრდის.
კლუბ "ათლეტიკის" მსგავსად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობით დაინტერესებულმა ინვესტორებმა, ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ. ძველი სტადიონების ჩანაცვლებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მშენებლობაზე საუბრობს თბილისის მერიც.
ოლიმპიურ სოფელში, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, საფეხბურთო სკოლა "ათლეტიკი", 6-დან 13 წლამდე, 500 მოზარდის მიღებას შეძლებს. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საქართველოს მასშტაბით, მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.