09 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
კოლხური ხოხბები, გნოლები, დურაჯები, ინდური ფარშევანგები, კანადური ბატები, კალიფორნიული და მექსიკური მწყერები - საქართველოში მობინადრე და მსოფლიოს ეგზოტიკური ფრინველები სოფელ ჭაბუკიანის ფერმაში

უნიკალური სახეობის შავი გედები შორეული ავსტრალიიდან კახეთში მოხვდნენ. კლიმატსაც ადვილად შეეგუვნენ და ახლა ერთი კახელი ოჯახის კარ-მიდამოშიც იწონებენ თავს.

კოლხური ხოხბები, გნოლები, დურაჯები, ინდური ფარშევანგები, კანადური ბატები, კალიფორნიული და მექსიკური მწყერები - საქართველოში მობინადრე ფრინველებთან ერთად მთელი მსოფლიოდან ეგზოტიკურმა ფრინველებმა სოფელ ჭაბუკიანში მოიყარეს თავი. ლაგოდეხის რაიონის ფერმაში უკვე 30-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრინველს შეხვდებით.

ილია შეყელაძე ფრინველებით ბავშვობაში დაინტერესდა, ზოოლოგი მამისგანაც ბევრი ისწავლა.

ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდამ გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადასარჩენად ფერმის მშენებლობა 11 წლის წინ დაიწყო. უნიკალურ სახეობებს ზრდიდა, უვლიდა და მერე ბუნებაში უშვებდა. დროსთან ერთად მისი ფერმაც სულ უფრო მეტად იზრდებოდა.

ათეულობით ფრინველის მოვლა მისი ყოველდღიურობაა. ყველა სახეობას განსაკუთრებული მოვლა და კვება სჭირდება. ეგზოტიკური ფრინველების მოვლაში დროდადრო შვილიც ეხმარება.

არანაკლებ საპასუხისმგებლოა ფრინველების გამრავლების პროცესიც. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყოველ 10 დღეში ინკუბაციის პროცესს ატარებს.

წინ დიდი გეგმები აქვს. ქვეყნის ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობის გარდა, სურს, რომ ბავშვებს ბუნება სულ უფრო მეტად შეაყვაროს, ფერმა კი ტურისტულად მიმზიდველ ადგილად გადააქციოს.

სანამ უნიკალური სახეობებისა და ეგზოტიკური ფრინველების ფერმას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ესტუმრება, ის სოფელ ჭაბუკიანის სავიზიტო ბარათად უკვე გადაიქცა.

დღის ამბები