09 აგვისტო 2026,   01:44
ვრცლად
ნალბანდი, გაქრობის პირას მყოფი კიდევ ერთი უძველესი პროფესია - გიორგი ქორქიას მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

საქართველოში უძველესი პროფესიების დიდი ნაწილი უკვე მივიწყების პირასაა. ერთ-ერთი ასეთია ნალბანდობა – ნალების მჭედლების საქმე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი იყო, დღეს კი სულ რამდენიმე ოსტატს თუ ვიპოვით. უშანგი ივანიძე სოფელ საროში ერთადერთია, ვინც ნალს ტრადიციული მეთოდით ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცხენის საქმე, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს, ადგილობრივ ახალგაზრდებში ცხენოსნობა მაინც აქტუალურია, შესაბამისად, ნალბანდის როლიც აქ დღემდე მნიშვნელოვანია.

უშანგი ივანიძე ძველ, ტრადიციულ ქართულ ნალზე მუშაობს, რომელიც ჩვეულებრივისგან ბევრად განსხვავებულია. სოფლის ერთადერთმა ოსტატმა იცის, რომ მის მერე ეს ხელობა, შესაძლოა, საერთოდ დავიწყებას მიეცეს. მისი პროფესიის ხალხი ისედაც ძალიან ცოტაა დარჩენილი.

2-3 ათეული წლის წინ, მის სამჭედლოსთან რიგები იდგა. ნალები სჭირდებოდა ყველას, ვისაც ჰყავდა ცხენი და ხარი. დღეს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკამ ჩაანაცვლა, მაგრამ გულდასაწყვეტია ის, რომ კიდევ ერთი ძირძველი ხელობა ქრება.

ცხენები დღესაც ბევრს ჰყავს, უბრალოდ ნალების გამოწერა ზომის მიხედვით ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდა, ვიდრე ადგილზე დამზადება. ცხენის შენახვა არც ისე იაფი სიამოვნებაა, თუმცა სოფლის მეურნეობაში დღესაც შეუცვლელია.

ამ საქმეში ორი რამ არის მთავარი: არ დაზიანდეს ცხენი და ასევე არ დაზიანდეს თავად ნალბანდიც, რაც დაუდევრობას შეიძლება მოჰყვეს. როდესაც ცხენი თვინიერია, მისი დანალვა ბევრად უფრო მარტივია. წინა ფეხებზე დაჭედვა შედარებით იოლად ხდება. ჯიუტი ცხენის შემთხვევაში პრობლემები უკანა ფეხებზე გადასვლისას იწყება.

როგორც უკვე ვთქვით, ხანდახან უკანა ფეხებზე დასაჭედად ცხენის წაქცევაა საჭირო. ხშირად, ასეთ დროს, მესამე ადამიანი ხდება საჭირო. ერთ-ერთს ცხენის თავი უნდა ეჭიროს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფიზიკური ძალა სჭირდება, თუმცა უხეშობა დაუშვებელია.
წამოყენებასაც სიფრთხილე სჭირდება. თოკი ისე უნდა იყოს შეკრული, რომ ნალბანდმა ის ადვილად გახსნას.

დამღლელი პროცესის შემდეგ კი, ყველაზე კარგი და სასიამოვნო პროცესი მდინარეში შესვლაა. ზაფხულის სიცხეში ეს ყველანაირ დასვენებაზე უკეთესია.

დღის ამბები