"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება შეუცვალეს. მას პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდნენ - აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდა და ახლა ბრალის შინაარსი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაა.
დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან ექვს თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით. ბრალის შემსუბუქების შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
"ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.
პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს და მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება.
"ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. პროკურატურამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებებით და როგორც მოგახსენეთ, გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიხელმძღვანელეთ მაღალი სტანდარტით, გავითვალისწინეთ საქმეში არსებული ყველა გარემოება და მიმაჩნია, რომ ეს იყო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიღებულიყო მოცემულ შემთხვევაში", - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბიძე.