12 აგვისტო 2026,   14:38
ვრცლად
რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, ყოველთვის უნდა გვქონდეს რწმენა! მადლობა ღმერთს, რომ ეს რწმენა მაქვს და არ დავნებდი - სანდრო ბაზაძე

თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ისტორიული წარმატების შემდეგ, ბაზაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში, "მსოფლიო ჩემპიონატის დღიურში", ლაშა დვალიშვილთან ისაუბრა.

"რთული დღე იყო. დღეს დავიძინებ, როგორც მსოფლიო ჩემპიონი. ეს ძალიან დიდი გრძნობაა. მინდა, თითოეულ ქართველს მადლობა გადავუხადო - ამ მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ის, რაც დღეს გავაკეთე. მათ გარეშე არაფერი არ ხდება. ერთობით ყველაფერი შესაძლებელია. მე დავიჯერე ჩემი თავის. არ დავნებდი... დიდი სიხარულია ამდენი რამის შემდეგ ოქროს მედლის აღება. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. რთული იყო.

ოქროს სიტყვებია, რომ "არასდროს არ უნდა დავნებდეთ". რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, ყოველთვის უნდა გვქონდეს რწმენა. მადლობა ღმერთს, რომ ეს რწმენა მაქვს და არ დავნებდი", - განაცხადა ბაზაძემ.

საქართველო ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 120 ქვეყნის 1205 სპორტსმენი იღებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში ისტორიაში პირველად, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

 

დღის ამბები