მხატვარი, რომელმაც თავისუფლებისადმი ლტოლვა საკუთარ შემოქმედებაში გამოხატა და მიუხედავად გენიალური ფერწერისა, ისტორიაში "თვითმფრინავის ბიჭების" ტრაგიკული ამბის ერთ-ერთ მონაწილედ დარჩა.
სოსო წერეთლის შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში საგამოფენო სივრცის მიღმა, საბჭოთა ცენზურის პირობებში არსებობდა.
"თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ" ქართველი მხატვრის აქამდე უცნობ ტილოებს მოუყარა თავი და სიმბოლური სახელწოდების ქვეშ გააერთიანა.
ექსპოზიციაზე 1975-დან 1983 წლამდე შექმნილი სხვადასხვა სტილისა და თემატიკის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ფერწერა, გრაფიკა, პორტრეტები, რელიგიური თემები, პეიზაჟები და აბსტრაქციები - სოსო წერეთელი მაძიებელი ხელოვანი იყო, რომელსაც საკუთარი სათქმელის გამოხატვა მრავალფეროვანი ფორმით სურდა.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის 30 ტილო შეირჩა, რომელმაც მუზეუმის ფონდიდან საგამოფენო სივრცემდე რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა.
გამოფენის მთავარი მიზანია - სოსო წერეთელი საზოგადოებამ თავიდან გაიცნოს, არა როგორც ისტორიული საქმის ფიგურა, არამედ როგორც მხატვარი, ვინც თავისუფლებას ფორმა მისცა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი