ქართული კინოს უკანასკნელ მოჰიკანს სიონის ტაძრის ეზოში შეკრებილი საზოგადოება ხანგრძლივი ტაშით, ბევრი ცრემლით და გულწრფელი მადლობით გამოემშვიდობა.
ელდარ შენგელაია უკანასკნელ გზაზე მისი კინო შედევრის "შერეკილების" მუსიკის ფონზე გააცილეს. "ის აქ არის" - კომპოზიცია, რომელიც ამ წუთიდან მისი მარადიული ყოფნის სიმბოლოდ იქცა. ის რჩება იქ, სადაც მისი კინო კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს ეკრანზე, ფრაზებში და დაუვიწყარ პერსონაჟებში.
სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძრის ეზოში 12 საათზე დაიწყო.
მსოფლიო კლასიკად აღიარებული "ცისფერი მთების" საუნდტრეკის ფონზე ტაძრის ეზოში რეჟისორის მეგობრები, კოლეგები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ისინი მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს იხსენებდნენ, რომელმაც კადრს მიღმა მყოფ მემატიანეს უკვდავება მოუტანა.
ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად. სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
და მაინც ის აქ არის - ელდარ შენგელაია დარჩა თავისუფლების იმ სურვილში, რომელიც არაერთხელ ჩაგვინერგა და რწმენაში, რომელიც ქართველ ხალხს ყველაზე რთულ დროს ჩაუსახა - მთავარია მოინდომო და აუცილებლად გაფრინდები.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი