07 აგვისტო 2026,   19:06
ვრცლად
ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და რეაბილიტაცია გრძელდება

ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და რეაბილიტაცია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამედიცინო დაწესებულებები 15 სოფელში შენდება და სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყალტუბოსა და ზესტაფონში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის მინისტრი ჩავიდა და ამბულატორიების მშენებლობის პროცესს გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.

ეკატერინე ბრეგვაძე 30 წელია სოფლის ექიმია და წლებია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევს. მისი თქმით, სოფლის ექიმის პროგრამა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მუდმივად ჰქონდეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ამბულატორიებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ყველა სახის პირველადი დახმარება მიიღოს. მინისტრმა სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგანაც მოისმინა.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც სექტორის განვითარების მიზნით მიმდინარეობს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაა. საპილოტე პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 6 კლინიკაში უკვე დაიწყო, მათ შორის, ხარაგაულის "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრშიც", სადაც მინისტრი იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სერვისებს გაეცნო. მინისტრი პერსონალსაც შეხვდა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურული და საკადრო განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების ფართო სპექტრის დამატებას, რაც უწყების ხედვით, გაზრდის ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას, გააუმჯობესებს მკურნალობის სწორად დაგეგმვასა და პაციენტების ეფექტიან მართვას.

დღის ამბები